მთავარი მეორე შეხვედრა 15.10.2009
მეორე შეხვედრა 15.10.2009 PDF Print E-mail

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მეორე შეხვედის ანგარიში
15.10.2009

შესავალი

ამა წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მეორე შეხვედრა.
პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.


აღნიშნულ შეხვედრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა წარადგინა საკუთარი პრეზენტაციები თემებზე: ხელისუფლების პოლიტიკა გალისა და ახალგორის რაიონების მიმართ და ამჟამად იქ არსებული მდგომარეობა (პაატა ზაქარეიშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში) და სავარაუდო კონფლიქტის ზონები (მამუკა არეშიძე – სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრი). 

ხელისუფლების პოლიტიკა გალისა და ახალგორის რაიონების  მიმართ და ამჟამად იქ არსებული მდგომარეობა


პირველი მოხსენება ახალგორსა და გალის რაიონში ამჟამად არსებული მდგომარეობისა და იმ სირთულეების ასახვას წარმოადგენდა, რომელსაც უმკლავდება იქ დარჩენილი მოსახლეობა, ასევე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ზოგადად ამ რეგიონებისა და იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის მიმართ. ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა დეტალურად განიხილა ახალგორის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები, მან აღნიშნა, რომ ახალგორის რაიონის მიმართ დამოკიდებულება მუდმივად იცვლება და ამ დინამიკის ინიციატორი ქართული მხარეა. ექსპერტმა მიმოიხილა ახალგორთან არსებული საზღვრის გადალახვისას წარმოქმნილი სირთულეები, რომესაც მოსახლეობას უქმნის, როგორც ოსური, რუსული, ასევე ქართული მხარე (მესაზღვრეები). მომსხენებელმა მოახდინა სხვადასხვა ფაქტის კონსტატაცია, იმის დასტურად, რომ საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ დაინტერესებული არ არის ახალგორში ქართული მოსახლეობის დაბრუნებით და იქ დარჩენით. მისი თქმით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახალგორში ჩაწერილები არ არიან საქართველოს პოლიცია არ აძლევს იქ თავისუფლად შეღწევის ნებას.  მოხსენებელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთადერთი მოლაპარაკებების ფორმატი, რომელსაც ქართული მხარე იყენებს აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდებია, ავტორმა დასძინა, რომ შესაძლებელია შეიქმნას ამ მოლაპარაკებების პარალელურად ორმხრივი მოლაპარაკებების პერსპექტივა ოსურ მხარესთან.

ბ-ნმა პაატა ზაქარეიშვილმა ასევე აღწერა გალის რაიონში არსებული მდგომარეობა და იქაური მოსახლეობის დამოკიდებულება რუსი ოკუპანტების, აფხაზებისა და ქართული მთავრობის მიმართ. მან აღნიშნა, რომ გალის მოსახლეობა ახლა უფრო მშვიდად გრძნობს თავს, რუსი ჯარისკაცების გარემოცვაში, ვიდრე მაშინ გრძნობდა, როდესაც გალში აფხაზები იყვნენ დისლოცირებულები (ძარცვისა და მოსახლეობის დაწიოკების ფაქტები საკმაოდ  ხშირი იყო). მომხსენელმა დეტალურად განიხილა გალის რაიონსა და ახალგორის რაიონში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა. ისაუბრა რუსულ სკოლებზე, სადაც ძირითადად რუსი ჯარისკაცების მეუღლეები ასწავლიან, ისიც აღნიშნა, რომ ახალგორში შემცირდა სკოლების რაოდენობა, ხოლო გალში შეინიშნება ტენდენცია, რომ მოსახლეობა არჩევს შვილის რუსულ სკოლაში მიიყვანას ვიდრე ქართულ-მეგრულში..

განცალკევებულად განხილულ იქნა პასპორტიზაციის საკითხი. დაისვა შეკითხვა: უნდა მისცეს თუ არა საქართველოს მთავრობამ ქართველ მოსახლეობას ნება მიიღონ სხვა პასპორტი (აფხაზური, რუსული). მომხსენებლის აზრით საჭიროა ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა.
მომხსენებელმა გააშუქა ე.წ. მეგრელიზაციის ფენომენიც, რომელსაც ადგილი აქვს გალის რაიონის მოსახლეობაში, და რომელსაც აფხაზები აქტიურად უწყობენ ხელს. (რადიო, გაზეთები მეგრულ ენაზე. ყველა მეთოდით ხაზგასმა იმისა, რომ მეგრელები არ არიან ქართველები)  
პრეზენტაცია ასევე შეეხო კოდორის ხეობაში (ზემო აფხაზეთი) ამჟამად არსებულ მდგომარეობას, რომელიც ავტორის თქმით ამჟამად უკაცრიელ ტერიტორიას წარმოადგენს და აფხაზები იქ ქართველი მოსახლეობის დაბრუნებას სთავაზობენ. აფხაზური მხარე მზად არის ამ საკითხზე მოლაპარაკების წარმოებისთვის, მაგრამ ქართული (ოფიციალური) მხრიდან კი საპასუხო აქტიურობას ვერ ხედავს.   
მოხსენების შემდეგ ექსპერტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა, გაკეთდა აღნიშნული რეგიონების მიმართ მთავრობის არსებული პოლიტიკის შეფასება და აქტუალური პრობლემების გარშემო აზრების გაცვლა.:

ა)    ადამიანების გადაადგილების საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო, ზოგიერთი საბჭოს წევრი მიიჩნევდა რომ საქართველოს მთავრობა ოფიციალურად ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს (მიმოსვლის დერეფნის გახსნა), და ეს არასამთავრობო სექტორის ან საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტია, მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ ეს საკითხი მთავრობის მიერ უნდა დარეგულირდეს. ასევე აღინიშნა, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს ზუსტად, თუ რა მიზეზით ვერ გადაკვეთს საზღვარს.

ბ)    ახალგორში და გალში მოღვაწე ქართველი პედაგოგების საკითხი. მოხდა იმის განხილვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, გადაუხადოს თუ არა ხელფასები ცენტრიდან და მისცეს მათ საშუალება იმუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

გ) აფახაზური პასპორტების ცნობასთან დაკავშირებით არგუმენტები ორ ნაწილად გაიყო. ერთნი თვლიან, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია აფხაზური პასპორტის მქონე პირებს დართოს მთელს ტერიტორიაზე მისი თავისუფლად გამოყენება, რადგანაც ეს გაუადვილებდა მათ აფზაზეთში დამაგრებას და ამავე დროს არ შიზღუდებოდა მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობები; სხვების მიხედვით აფხაზური პასპორტის ცნობა საქართველოს ხელისუფლების მიერ განიხილება, როგორც სეპარატისტული აფხაზური სუვერენიტეტის “ფარული აღიარება” და სახიფათოა საერთაშორისო სამართლის პრაქტიკიდან გამომდინარე.

ც)    გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით მოეწყოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან რათა საექსპერტო ჯგუფმა გაიგოს სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა ამ რეგიონების მიმართ.  
დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ე.წ ნდობის ჯგუფმა, რომელიც მჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის მოწვევით, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას. ნდობის ჯგუფის წევრები – სასულიერო პირები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები - მოღვაწეობენ გალში, კოდორსა და ახალგორში და აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის მსვლელობაში. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დახმარებით სხვა მონაწილეებს უფრო ცხადი წარმოდგენა შეექმნათ  ოკუპირებულ რაიონებში არსებულ მდგომარეობაზე.

სავარაუდო კონფლიქტების ზონები

მეორე მოხსენება საქართველოში არსებულ სავარაუდო კონფლიქტების ზონებს შეეხებოდა. მომხსენებელმა (მამუკა არეშიძე) სავარაუდო კონფლიქტების ზონები რამოდენიმე კატეგორიად დაჰყო. ეს კატეგორიებია:
1.    სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები.
2.    სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიები.
3.    რუსეთ-საქართველოს საზღვრის პერიმეტერის ზოგიერთი მონაკვეთი.
4.    ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები.
5.    `განსაკუთრებული ინტერესის~ სფეროში მოქცეული ზოგიერთი რეგიონი (აჭარა, სამეგრელო, ყაზბეგი).

თითოეული კატეგორიის ზონების მიხედვით, მომხსენებელმა გამოყო სხვადასხვა შინაარსის კონფლიქტების წარმოშობის ძირითადი ნიშნები. 
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის დაცვა ქართული პოლიციის პრეროგატივაა. სამშვიდობო პროცესს აკვირდებიან უცხოელი დამკვირვებლები, მაგრამ ეს ძალები არ არის საკმარისი სავარაუდო კონფლიქტის შემთხვევაში საფრთხის თავიდან ასაცილებლად.


რუსეთ-საქართველოს საზღვრის პერიმეტრის ზოგიერთ მონაკვეთზე არსებული სიტუაცია საფრთხის შემცველია იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია. როგორც პრეზენტაციის ავტორმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ეს რუსეთის მხრიდან შეგნებულად კეთდებოდა. თუმცა აქ ქართული მხარის მოუქნელობაზეც შეიძლება ლაპარაკი. საბოლოო ჯამში კავკასიონის ქედის მთელ პერიმეტრზე შეინიშნება მზადება სავარაუდო სამხედრო ოპერაციისათვის.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა ფაქტორი (მეზობელი ქვეყნების დიდი გავლენა, რელიგიური დაჯგუფებების აქტირუობა, ახალგაზრდების მასიური გაყვანა სასწავლებლად. ძლიერი ეკონომიკური ბმა სხვა ქვეყნებზე ა. შ.) წარმოადგენს პოტენციური საფრთხის საფუძველს. N თითოეული რეგიონი თავისი სპეციფიკით ხასიათდება და ყველას მიმართ განსაკუთრებული მიდგომა არის საჭირო. 
“საქართველოს ხელისუფლების ბოლო აქტივობის ფონზე `ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, არ არის გამორიცხული რუსეთმა აამუშაოს კანონი, რომელიც რუსეთის ინტერესების დაცვას მის ფარგლებს გარეთ ითვალისწინებს და განახორციელოს შეტევა სწორედ საქართველოს მიმართულებით.” - აღნიშნა მომხსენებელმა.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ექსპერტებს შორის დისკუსია გაიმართა. განიხილეს რიგი აქტუალური საკითხებისა: თრუსოს ხეობაში არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის როლის გაზრდის აუცილებლობა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს პატრულირების საქიანობაში, თურქი მესხების ჩამოსახლების პერსპექტივები, მუსულმანური ეთნიკური უმცირესობების პრობლემები.
ექსპერტების ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა რიგი იდეებისა. მაგალითად: ეუთოს ან სხვა საერაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრის ერთობლივი პატრულირების აღდგენა, ევროკავშირის მანდატის გაფართოება ჩეჩნეთის საზღვრისპირა მონაკვეთებზე, სხვა.

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა შემდგომი შეხვედრის დღის წესრიგის განხილვა და სხვა საკითხები. შეხვედრის დასრულება
შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა შემდგომ შეხვედრაზე წარსადგენი მოხსენებები. მათ შორის შემოთავაზებულ იქნა რამოდენიმე საკითხი, ორმელიც ექსპერტთა საბჭოს წევრებმა პრიორიტეტულად მიიჩნიეს:


•    სომხურ-თურქული ურთოერთობები (მომხსენებელი: ბატონი ივლიანე ხაინდრავა, სამხრეთ კავკასიის შესწავლის პროგრამა, განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი)
•    ევროპის როლი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში (მომხსენებელი ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის ცენტრი)
•    ოსების განათლების პრობლემები (მომხსენებელი ნაირა ბეპიევი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online