მთავარი მეოთხე შეხვედრა 04.12.2009
მეოთხე შეხვედრა 04.12.2009 PDF Print E-mail

04.12.2009
შესავალი

ამა წლის 4 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მოთხე შეხვედრა.


პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა წარადგინა საკუთარი პრეზენტაციები თემებზე: რუსული სამხედრო ბაზების არსებობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (თეონა აქუბარდია, საზოგადოებრივი პროექტების ცენტრი) და ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების პროცესში (ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის ცენტრი).

 

მეოთხე შეხვედრა

I. რუსული სამხედრო ბაზების არსებობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

თეონა აქუბარდია

მომსხენებელმა აღნიშნა, რომ რუსეთს აგვისტოს ომამდეც ჰყავდა სამხედრო ძალები აფხაზეთში. გარდა იქ კანონიერად მყოფი “ცისფერჩსფხუტიანებისა” ჯერ კიდევ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე რუსეთმა აფხაზეთში უკანონოდ შეიყვანა ე.წ. სარკინიგზო ჯარი აფხაზეთის რკინიგზის რეაბლიტიაციის მიზნით, ხოლო მანმადე, შეინიშნებოდა რუსული სამხედროების ყოფნა გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე. რუსეთმა ომის შემდგომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოახდინა მისი სამხედროების ყოფნის “ლეგიტიმაცია” და 2009 წლის 15 სექტემბრის შეთანხმებით ორივე რეგიონში განალაგა რუსული სამხედრო ბაზები. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდუკოვმა და მისმა აფხაზმა და ოსმა დეფაქტო კოლეგებმა მერაბ ქიშმაიამ და იური ტანაევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. აფხაზეთთან შესაბამისი დოკუმენტი გაფორმდა 49 წლის ვადით და მისი გადახედვა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, ხოლო სამხრეთ ოსეთთან შეთანხმება 99 წლით იქნა გაფორმებული. აღნიშნული შეთანხმებების მიხედვითაც რუსეთს უფლება ეძლევა არამხოლოდ სახმედრო ბაზების განლაგების, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამხედროების სწავლებას და სამხედრო დაზვევრვის საკითხებში თანამშრომლობას. შეთანხმების მიხედვით აფხაზეთში რუსული ბაზების განლაგების ადგილად განისაზღვრა გუდაუთისა და ოჩამჩირის ტერიტორია, ხოლო სამხრეთ ოსეთში ცხინვალი.

მომხსენებელმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოსკოვი გეგმავს თამარაშენისა და კეხვის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს გაუადვილდება საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული ტაქტიკური მოქმედება. აღნიშნული აეროდრომი დაახლოებით 3200 კვადარტულ მეტრ ფართობზე განლაგდება და როგორც პრესაშია აღნიშნული მისი დანიშნულება იქნება არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ავიაციის მომსახურება. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობას, თითოეულ რეგიონში განლაგდება 1700 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, შეთანხმების მიხედვით რუსეთს უფლება აქვს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ამასთანავე გათვალისწინებულია ერთობლივი საჯარისო დაჯგუფების შექმნა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობის ჟამს.
მოხსენებაში ასევე აღინიშნა რომ, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული. ასევე დაიწყო ბომბორას სამხედრო აეროდრომის განვითარება. ბოლო მონაცემებით ამ აეროდრომის მშენებლობა დასრულებულია და იქ რუსული შესაბამისი სამხედრო დანაყოფია განლაგებული. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით მიმდინარეობს სამხედრო ბაზის მშენებლობა გალშიც.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ აფხაზეთის საზღვაო ე.წ. საზღვრის დაცვაზე და ვრცლად მიმოიხილა პროვოკაციებისა და ესკალაციის საფრთხე, რომელიც შავი ზღვის აკვატორიის რუსეთის ძალების მიერ გაკონტროლებიდან მომდინარეობს.
ექსპერტმა ასევე ისაუბრა სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ (მავთულხლართების გაკეთება, და შემოვლითი გზების გადაკეტვა) რომლებიც, მომხსენებლის აზრით, აფხაზეთის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას სრულ იზოლაციასი მოაქცევს.
ყურადღება ასევე იმ თანხებზე გამახვილდა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხზეთში სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გამოყოფს.

დასკვნის სახით კი მომხსენებელმა განაცხადა, რომ შექმნილი რუსეთის სამხედრო ძალის არსებობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს უსაფრთხოებისათვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ხოლო ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც აიძულებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ბაზები აფხაზეთიდან და მოახდინოს ამ რეგიონების აღიარების უკან წაღება. შესაბამისად, ერთადერთ გზად, მისი აზრით, რჩება დრო მივცეთ აფხაზებს, რომ თავად მათ გაუჩნდეთ სურვილი მოითხოვონ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მოახერხოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარება, ხოლო ქვეყანა უნდა გახადოს მიმზიდველი როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, რათა აფხაზებს გაუჩნდეთ საქართველოსთან ურთიერთობების განახლების სურვილი. ამასთანავე უნდა გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება და საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა მოერიდოს აფხაზეთთან კონფრონტაციას, რათა შესძლოს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება.

მოხსენების შემდეგ ექსპერტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა, ექსპერტებმა გამოთქვეს სხვადსხვა მოსაზრება. ერთ-ერთი მოსაზრებით რაც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადბს რუსეთი ამ საქარველოს რეგიონებში (თუნდაქც სამხედრო ბაზებისა და სამხერდრო ინფრასრტრუქტურის სახით) სულ უფრო გაუჭირდება მასვე იქიდან ჯარების გაყვანისა და აღიარების უკან გაწვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. სხვა შეხედულებით ინფრასტრუქტურის მშენებლობას არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებში მმართველი ელიტის განწყობებს. გამოითქვა სურვილი, რომ მოხდეს მთელი კონფლიქტური რეგიონების კონტექსტისა და პირობების შესწავლა და არსებული საფრთხეების ანალიზი. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის განაწილებისა და თანხების ხარჯვის გამჭვირვალობის შესახებ. მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნდეს საფრთხეების რეალური შეფასება.

გამოითქვა შემოთავაზება, რომ მოხსენებაში მოცემული ინფორმაცია სისტემატურად განახლდეს აღნიშნულ საკითხზე ახალი ინფორმაციის მიღებასთან ერთად. ასევე, მოხდეს საფრთხეების ალტერნატიული ობიექტური შეფასება ექსპერტთა საზოგადოების მიერ და დამუშავებული ინფორმაცია მიწოდებულ იქნას მთავრობის წარმომადგენლებისთვის.



II. ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების პროცესში

ნიკა ჩიტაძე

მომხსენებელმა თავდაპირველად მიმოიხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების ისტორია. მან განაცხადა, რომ რადგან პროევროპული მისწრაფებები აქვთ არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვასაც, შავი ზღვის გარშემო ფაქტობრივად იკვრება ევროპული ორიენტაციის მქონე სახელმწიფოთა სარტყელი. ასეთ ვითარებაში ევროპა გაცილებით უფრო მოტივირებულია საიმისოდ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს. ამისათვის კი ევროკავშირს სერიოზულად მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და როგორი ფორმით უნდა მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოში ინტეგრირება.


ექსპერტმა ისაუბრა ევროკავშირის დახმარებით კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე: საქართველოს მთავრობამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა (ENP) და ევროკავშირთან სამოქმედო გეგმის ფორმატში, ასევე საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, აწარმოა მოლაპარაკებები საქართველოს შიდა კონფლიქტების დარეგულირების პროცესის გააქტიურების თაობაზე. ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსული აგრესიის შესაჩერებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე (EUMM), რომლის 200-მდე დამკვირვებელიც საქართველოს კონფლიქტური ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებს. თუმცა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა გასაკეთებელი გაცილებით უფრო ბევრია. მაგალითად: სასურველი იქნებოდა, რომ ENP-ის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ ორმხრივ სამოქმედო გეგმაში უფრო მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საქართველოს დეოკუპაციის პროცესის დარეგულირების კონკრეტული ინსტრუმენტები.
მოხსენებაში ასევე განხილული იყო ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი ღონისძიებების პრაქტიკაც, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "ბერლინ პლუსის" შეთანხმება. რა თქმა უნდა, ევროკავშირისა და ნატოს კომპონენტის შემოტანა კონფლიქტების დარეგულირებაში საჭიროა იმის გამო, რომ მოხდეს რუსეთის გავლენის საგრძნობლად შემცირება მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.

მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ უნდა მოახერხონ კოორდინირებული მიდგომის შემუშავება, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიზნით. შესაძლებელია ევროკავშირის მიერ ბოსნიასა და მაკედონიაში სამშვიდობო სფეროში მიღებული გამოცდილების გათვალისწინება და მისი პრაქტიკაში დანერგვა საქართველოში სამშვიდობო და სადამკვირვებლო საქმიანობის გააქტიურების მიზნით.

ექსპერტმა ჩამოთვალა ის არგუმენტები, თუ რატომაა ევროპისათვის კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირება აუცილებელი. პირველ რიგში იმისათვის, რომ დაცულ იქნეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესები და სტაბილურად ფუნქციონირებდეს სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგეტიკული დერეფანი. ევროპა და აშშ დაინტერესებული არიან ამ დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებით, ვინაიდან იგი წარმოადგენს სპარსეთის ყურისა და რუსეთის ალტერნატიულ წყაროს ნავთობისა და გაზის იმპორტის თვალსაზრისით.

მოხსენების შემდეგ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის წარმომადგენელ ექპერტებს შორის გაიმართა საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ 1 დეკემბრიდან ძალაში შესული ლისაბონის ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა ხანში შესაძლოა ევროკავშირის სახით სამხედრო კუთხით უფრო აქტიური და ამბიციური ალიანსი მივიღოთ, რომელიც, გარდა ერთობლივი თავდაცვისა, ასვე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ არსებული კონფლიქტების სამშვიდობო ოპერაციებში. დისკუსიის დროს დაისვა რამოდენიმე მწვავე შეკითხვა: რამდენად გაძლიერდება ევროკავშირის გავლენა კონფლიქტების ზონებში? რეალურად რისი სურვილი ექნება ევროკავშირს? რამდენად შედეგიანად მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია? რამდენად შესაძლებელია მისიამ საპოლიციო ფუნქციები შეიძინოს? როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირის ჩართვა დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებში? ა.შ.


შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა შემდგომი შეხვედრის დღის წესრიგის განხილვა და სხვა საკითხები.
შეხვედრის დასრულება

შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა შემდგომ შეხვედრაზე წარსადგენი მოხსენებები. შესაძლო თემებს შორისაა – 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდი, სამშვიდობო გეგმა და შესაძლებლობები (გიორგი ვოლსკი – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი) და ქალები, გენდერი და სამშვიდობო პროცესი (შორენა ლორთქიფანიძე – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი).

პროექტი დაფინანსებულია ფინეთის მთავრობის მიერ

 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online