მთავარი მეცხრე შეხვედრა 06.07.2010
მეცხრე შეხვედრა 06.07.2010 PDF Print E-mail

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მე-8 შეხვედის ანგარიში

06.07.2010

2010 წ. 6 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთო-ბების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის ”შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მე-9 შეხვედრა (დღის წესრიგი თან ერთვის).

შეხევდრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წინაშე წარსდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მოწვეული სტუმარი – ილია გუჩმანიძე, (ახალგაზრდული კლუბი ”თაობა”).  დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პრეზენტაციები ასევე გააცნო ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა  წარმომადგენელმა: ლაშა ტუღუშმა (გაზეთი ”რეზონანსი”) და გია თარხან-მოურავმა (საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი).

ილია გუჩმანიძემ თავის მოხსენებაში - საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთიანი ახალგაზრდული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა - მიმოიხილა კონფლიქტთა მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობა.  ამ მონაწილეობისათვის, გამომსვლელის აზრით,   აუცილებელია  ახალგაზრდული სტრატეგიისა და მოქმედებათა ერთიანი გეგმის შემუშავება. ილია გუჩმანიძემ წარმაოდგინა კლუბ  ”თაობისა” და ”რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის” მიერ შემუშავებული პროექტი ”საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთიანი ახალგაზრდული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა”, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდების სამომავლო დაახლოებას და მათი ურთიერთობების განვითარებას (მოხსენების სრული ვერსია იხ. ქვემოთ).     

მოხსენების დასრულების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ექსპერტებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: რამდენად აქვს მომხსენებელს ინფორმაცია მსგავს პრობლემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფების არსებობის შესახებ და თუ თანამშრომლობს მათთან, დასახელდა თსუ-ისა და ბათუმის უნივერსიტეტებთან არსებული ორგანიზაციები. აღინიშნა, ასევე, რომ ასეთი ტიპის ჯგუფები ხშირად სახელმწიფო სტრუქტურების ”ქუდის ქვეშ” ექცევა, რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, “სახალხო დიპლომატიის” სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და, რადგან სახელმწიფო სტრატეგიის დანამატად აღიქმება, პროდუქტიულობაც ნაკლები აქვს. თუმცა ექსპერტთა ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ურთიერთობა ხელისუფლებაზე დამოკიდებულებას არ გულისხმობს.

შემდეგმა გამომსვლელმა, ლაშა ტუღუშმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოხსენება: რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხები და ურთიერთობის პერსპექტივები.

მომხსენებელმა მიმოიხილა მოსკოვისა და თბილისის ხედვები დიალოგთან დაკავშირებით და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის  განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა. გამომსვლელმა განხილულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნები რამდენიმე საკითხად ჩამოაყალიბა  (მოხსენების სრული ვერსია იხ. ქვემოთ).

ლაშა ტუღუშის პრეზენტაციის შემდეგ ექსპერტთა შორის გამართული დისკუსიის დროს მოსაზრებები გამოთქვეს ალექსანდრე კუხიანიძემ, თენგიზ ფხალაძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, მანანა მებუკემ, გია თარხან-მოურავმა, ნათელა სახოკიამ.

შეხვედრის მესამე მომხსენებელმა, გია თარხან-მოურავმა, წარმაოდგინა პრეზენტაცია - საგანგებო სიტუაციის მართვა საქართველოში. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა, რაც  დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ საქართველოში ამ მიმართულებით გაკეთებულა და ის ნაკლოვანებები, რაც ამ სფეროს ახასიათებდა. გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციის მართვა ქვეყნისათვის.  გ. თარხან-მოურავმა ასევე განიხილა საქართველოში არსებული ამ დარგის უწყებებათა კომპეტენცია და სტატუსი, ამ კონტექსტში შეეხო კანონმდებლობის საკითხებსაც. ბოლოს, დასკვნის სახით წარმოადგინა ის გარემოებები, რაც გასათვალისწინებელია საგანგებო სიტუაციების მართვის გასაუმჯობესებლად.

მესამე მოხსენების შემდეგ წამოჭრილი საკითხის გარშემო ექპერტებმა იმსჯელეს. აზრი გამოთქვეს: გიორგი ვოლსკიმ, მანანა მებუკემ, ალექსანდრე კუხიანიძემ, შორენა ლორთქიფანიძემ. აღინიშნა, რომ განხილული სფერო ნაკლებადაა შესწავლილი და ძალიან აქტუალურია, რომ, მაგალითად, ტურიზმის უსაფრთხოება საქართველოში საერთოდ არ არსებობს და არც ერთი ტრენინგისა თუ პუბლიკაციის თემა არ ყოფილა. მსჯელობისას განიხილეს ამ მიმართულებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სისტემის გამოყენების პოტენციალი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობაში ”საფლაგმანო ინიციატივის” სახით წარმოდგენილი ”კატასტროფების მართვის”  საკითხი.

 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online