|
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მე-10 შეხვედის ანგარიში.
08.10.2010
2010 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის `შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის~ ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მე-10 შეხვედრა. პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი (მოხსენება: რუსული რბილი ძალის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში) და გივი ამირანაშვილი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (მოხსენება: კონფლიქტების ანალიზისა და ტრანსფორმაციის თეორიული საკითხების შესახებ).
პირველმა გამომსვლელმა, თენგიზ ფხალაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი მოხსენება - რუსული რბილი ძალის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში. თ. ფხალაძემ მოკლედ ილაპარაკა რბილი ძალის, ანუ Soft Power-ის თეორიულ საფუძვლებზე, შემდეგ შეეხო რუსეთში რბილი ძალის, როგორც საგარეო პოლიტიკის იარაღის, გამოყენების ისტორიას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რუსული ”რბილი ძალის” ყველა ინსტრუმენტი, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია (ОБЗОР ВНЕШНЕЙ ПОЛИТИКИ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ, http://www.mid.ru/brp_4.nsf/0/3647DA97748A106BC32572AB002AC4DD) ლაპარაკი (კულტურა, განათლება და მეცნიერება, საზღვარგარეთ თანამემამულეთა ინტერესების დაცვა, საკონსულო საქმიანობა და რუსული მედია), საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა. „თანამემამულეთა დაცვა“ სწორედ ის მოტივია, რითაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი შეიარაღებული ძალები შემოიყვანა და სწორედ ამ საბაბით განხორციელდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაცია, მოსახლეობის სტრუქტურის ხელოვნური შეცვლა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ანექსია. ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა მსგავსი „ჰუმანიტარული აქტივობები“, რასაც ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, სხვა არაფერია, თუ არა ისტორიის გადაწერის, სიმართლის მიჩქმალვისა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილის (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) რუსიფიკაციის მიზანმიმართული პოლიტიკა. ამ მოსაზრებების დასტურად მომხსენებელმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. თ. ფხალაძემ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო რუსეთში არსებული ის იდეოლოგიური სკოლები (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და გეოკულტურული), რომელთა ნიადაგზედაც ცდილობს რუსეთი საკუთარი ახალი იმიჯის წარმოჩენას.
დასკვნის სახით გამომსვლელმა აღნიშნა, რომ „რბილი ძალა“ ოფიციალური მოსკოვის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება არა ზოგადად ფასეულობების გავრცელებას, არამედ კრემლისა და რუსეთის მმართველი ელიტის ინტერესებს. ამიტომაც რუსეთის ახალი იმიჯის, რუსული „რბილი ძალისა“ და მისი ცალკეული კომპონენტების შესახებ საუბრისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ძირითადი მიზნები, რომელთა რეალიზაციისაკენაც მიისწრაფიან ამ იდეოლოგიების მთავარი შემოქმედები (მოხსენების ტექსტი იხ. ქვემოთ).
პრეზენტაციის ბოლოს თ.ფხალაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე მალე გამოსცემენ წიგნს, სადაც მოხსენებაში წარმოდგენილი ასპექტები ვრცლად იქნება განხილული.
თ. ფხალაძის მოხსენების შემდეგ დისკუსია ძირითადად კითხვა-პასუხის სახით წარიმართა.
გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსულ Soft Power-ი პირობითადაა რბილი და უფრო ჩექმის ძალა აქვს, რომ ეს Soft-ი იქცა Hard-ად, რაზეც თ. ფხალაძეც დაეთანხმა. შემდეგ გაიმართა მსჯელობა ე.წ. თანამემამულეთა ფენომენზე (სოჭსა და ცხინვალში მოწყობილი კონფერენციები). ერთ-ერთი მონაწილე დაინტერესდა ინფორმაციით, თუ ვინ ესწრებოდა ცხინვალის კონფერენციას, ოსებიც თუ მხოლოდ რუსები. ასევე შეეხო თანამემამულეთა პასპორტიზაციის საკითხებს.
ასევე დაისვა შეკითხვა ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში რბილი ძალის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ საშუალებებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ყველაზე პრობლემური არის ლატვია, სადაც იყო სამხედრო ბაზები და სადაც მოსახლეობის 45 % არის რუსული. ლატვიაში მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა, მაგალითად, განათლების სისტემის მოდერნიზაცია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროკავშირსა და ნატოში წევრობაა. თ. ფხალაძის აზრით, ყველანაირი გამოცდილება არის გასაცნობი და გასაზიარებელი. ზოგიერთი კომენტარი ასევე შეეხე დუგინის იდეოლოგიურ სკოლას და მის გავლენას რუსულ ოფიციალურ პოლიტიკაზე. მონაწილენი ასევე დაინტერსდნენ კითხვით, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს მხრიდან გამოყენებული (რუსული რბილი ძალის) საპირისპირო საშუალებებად და ვინ მუშაობს ამ მიმართულებით.
თ. ფხალაძემ განაცხადა, რომ არ იცის, რა მექანიზმებია საქართველოს არსენალში, ალბათ აქედანაც რბილი ძალა უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც იქნება რეალურ ფასეულობებზე დაფუძნებული და უფრო გასაგები მათთვის, ვისზეც რუსეთი ზემოქმედებას ახორციელბს. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ინფორმაციის აფხაზებსა და ოსებისათვის გასაგებ ენაზე - რუსულად - თარგმნის აუცილებლობას. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით მათთან აქტიური კონტაქტების განხორცილება.
შეხვედრის მეორე მომხსენებელმა, გივი ამირანაშვილმა, წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: კონფლიქტების ანალიზისა და ტრანსფორმაციის თეორიული საკითხების შესახებ.
გ. ამირანაშვილის პრეზენტაციაში განხილული იყო კონფლიქტის მოგვარების თეორიული ასპექტები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ, მართალია, თანამედროვე კონფლიქტების მეტი წილი თვით სახელმწიფოს შიგნით მიმდინარეობს, ვიდრე სახელმწიფოთა შორის, მაგრამ ასეთ კონფლიქტებს განუმეორებელი სისასტიკე ახასიათებს და თან ახლავს ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევაც. ასეთი კონფლიქტების სხვა მახასიათებლებია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მსხვრევა, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემისა და პოლიციის, რაც მმართველობის პარალიზებას, მართლწესრიგის მოშლას და ქვეყანაში საერთო ქაოსსა და ნგრევას იწვევს. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამიტომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკვანძოOსაკითხების გააზრებას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, რათა შემუშავდეს ადეკვატური ღონისძიებები კონფლიქტების თავიდან აცილებისა ან უკვე შემდგარი კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. გ. ამირანაშვილმა გამოჰყო შიდა კონფლიქტისა და ზოგადად სახელმწიფოს დაუძლურების 12 მთავარი ინდიკატორი, რასაც ამ დარგის ექსპერტები განასხვავებენ და რომლებსაც პირობითად ყოფენ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ/სამხედრო ინდიკატორებად. სოციალური ინდიკატორებიდან გამოიყო: ტერიტორიის დემოგრაფიული სიმჭიდროვე; ლტოლვილების ან იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივი მიგრაცია, რომელმაც შესაძლოა რეგიონში შექმნას ჰუმანიტარული თვალსაზრისით გაუთვალისწინებელი გარემოებები; განაწყენებული და შურისძიებით გამსჭვალული ჯგუფების მემკვიდრეობითობა ან გარკვეული ჯგუფების პარანოია; ადამიანთა ჯგუფების მუდმივი და ხანგრძლივი მიგრაცია. ეკონომიკური ინდიკატორებიდან - მოსაზღვრე/მომიჯნავე ჯგუფების უთანასწორო ეკონომიკური განვითარება და ზოგადად ძლიერი ეკონომიკური ვარდნა, ხოლო პოლიტიკურ/სამხედრო ინდიკატორებიდან - სახელმწიფოს დელიგიტიმიზაცია და/ან კრიმინალიზაცია; საჯარო სტრუქტურების მზარდი სტაგნაცია; კანონის უზენაესობის პრინციპის თვითნებური გამოყენება ან შეჩერება და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა; უშიშროების სამსახურების საქმიანობა, როგორც ,,სახელმწიფო სახელმწიფოში”; ფუნქციონალური ელიტის დაწინაურება; უცხო ქვეყნის ან საგარეო პოლიტიკური მოთამაშეების ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში.
მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა ”მშვიდობის მშენებლობის” პოლიტიკაში სიტუაციის გამოსწორებისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის 12 მთავარი ინდიკატორი, რომლებიც დაეხმარება ამა თუ იმ ქვყნის ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებაში. აქაც გამოიყო სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ინდიკატორები. სოციალური ინდიკატორებიდან - დემოგრაფიული სიმჭიდროვის შესუსტება კონფლიქტის რეგიონში; ლტოლვილების ან იძულებით გადაადგილებული პირების თავიდან განსახლება ჰუმანიტარული კატასტროფის აღმოფხვრის მიზნით; შურისძიებით განმსჭვალულ ჯგუფებს შორის შერიგების წახალისება და მტრულად განწყობილი ჯგუფების შემცირება; იმიგრაციის დონის შემცირება. ეკონომიკური ინდიკატორებიდან - გაწონასწორებული ეკონომიკური განვითარება რეგიონებში და ჯგუფებს შორის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება; ეკონომიკური ზრდა და სიმდიდრის გადანაწილება. xolo სამხედრო-პოლიტიკური ინდიკატორებიდან - სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა ხალხის წარმომადგენლობის პრინციპით; ძლიერი საჯარო სტრუქტურების დაფუძნება და/ან განმტკიცება; კანონის უზენაესობის ბაზისის შექმნა და ადამიანთა უფლებათა დარღვევის ფაქტების შემცირება; სამოქალაქო საზოგადოების მიერ კონტროლირებული პროფესიული სამხედრო და უშიშროების სამსახურების შექმნა; ისეთი ნაციონალური ლიდერების წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც ასეთ ჯგუფებში ავტორიტეტით სარგებლობენ; უცხო ქვეყნის ან საგარეო პოლიტიკური მოთამაშეების ჩარევის შესაძლებლობების აღმოფხვრა ან შემცირება.
გ. ამირანაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა პოსტკონფლიქტური ღონისძიებების წარმატებისათვის მშვიდობის მშენებლობის პროცესში მონაწილე სუბიექტებისათვის ადეკვატური სამშვიდობო სტრატეგიისა და მეთოდების შერჩევის მნიშვნელობას, სადაც დიდ როლს თამაშობენ მაღალი, საშუალო და ქვედა დონის ხელმძღვანელები. გამომსვლელმა დაახასიათა ხელმძღვანელთა სამივე რანგი და მოუხმო რეალურ მაგალითებსაც. აღნიშნა ამ ხალხის ფუნქციები მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
გ. ამირანაშვილმა ასევე წარმაოდგინა ის აუცილებელი ასპექტები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ეს ასპექტებია: მზაობა მშვიდობის მიღწევისათვის, მხარეთა მოთხოვნების/მოლოდინებისა და წუხილის გამოვლენა და შესწავლა, ძალდატანების კონტროლი, მოლაპარაკებებში ჩართვა/აქტიური მონაწილეობა. გარდა ამისა, მომხსენებელმა ილაპარაკა იმ ძირითად ელემენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ სამშვიდობო შეთანხმების წარმატებას. ეს ელემენტებია: ფოკუსირება საკითხზე და არა პერსონალიაზე, მომზადება გულდასმით და ინფორმაციის გაცვლა საერთო გაგების გასაძლიერებლად, ფოკუსირება მხარეთა ინტერესებზე და არა მათ პოზიციებზე, მრავალმხრივი არჩევანის/წინადადებების შეთავაზება, რათა დაკმაყოფილდეს ორმხრივი და მხარეთა საკუთარი ინტერესები, წინადადებების შეფასება მაგალითებით და არა მუქარით, საკუთარი საუკეთესო ალტერნატივის ცოდნა.
ბოლოს გ. ამირანაშვილმა დასკვნის სახით წარმოადგინა ის ფაქტორები, რაც განსაზღვრავს სამშვიდობო შეთანხმების წარმატებას. ამისათვის შეთანხმება უნდა იყოს: მყარი და ხანგრძლივი ვადით დადებული; ყველა მხარის ინტერესების ამსახველი; ლეგიტიმური; დადებული ძალისა და მანიპულაციის გარეშე; მხარეებს შორის ურთიერთობის შენარჩუნება-განმტკიცებაზე ორიენტირებული; შესრულებადი (ამომრჩევლებმა უნდა მოიწონონ და შემდგომში მოხდეს მისი რატიფიცირება); სამართლიანი, გასაგები და სრულყოფილი; ეფექტური/ქმედითი (ეფუძნებოდეს მხარეების საუკეთესო წინადადებებს; უნდა შეიცავდეს ყველა საკითხს, რომელიც წამოიჭრა მოლაპარაკების პროცესში); სხვა სახის მოლაპარაკების დახმარებაზე ორიენტირებული (მოხსენების ტექსტი იხ. ქვემოთ).
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა აზრი გამოთქვეს და კითხვებიც დასვეს.
აღინიშნა, რომ ამ ტიპის მოხსენება მნიშვნელოვანია, რადგან აქ გამოცდილება სისტემატიზებული სახით არის წარმოდგენილი და მისი გააზრება დაგვეხმარება ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზების უკეთ დანახვაში. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კონკრეტული სიტუაცია გარკვეულ ჩარჩოში ჯდება და სისტემიდან კარგად ჩანს გამოწვევები. მისივე თქმით, გ. ამირანაშვილის მიერ წარმოდგენილ სქემას აკლია სპეციფიკური ჯგუფების, მაგალითად, ქალთა მონაწილეობა.
გ. ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ ქალის როლი კონფლიქტის მოგვარების საქმეში უდავოდ მნიშვნელოვანია და ამის საილუსტარციოდ აფრიკის მაგალითებიც დაასახელა.
შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა რამდენად მიზანშეწონილია კონფლიქტის მოგვარების ასპექტებზე მუშაობისას სამართლიანობის დადგენა-განსაზღვრა, რომ სამართლიანობის დადგენა არ ნიშნავს მხოლოდ იმის გარკვევას, ვინ იყო დამნაშავე და ვინ - არა. უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული მოდელი, რაც ხელს შეუწყობს წარსულის შეფასება-გადაფასებას.
გამოთქვა აზრი, რომ თუ სასწრაფოდ არ დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა ფორმატითა და სხვადასხვა წარმომადგენელთა შორის, გაუცხოება სულ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და სულ უფრო შეუძლებელი გახდება შეთანხმების მიღწევა. G საუბარი ასევე შეეხო ე.წ. ჩართულობის სამოქმედო გეგმას, რომ შედეგის მისაღებად ეს გეგმა უნდა იყოს არა ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი.
|