მთავარი მეთერთმეტე შეხვედრა 12.11.2010
მეთერთმეტე შეხვედრა 12.11.2010 PDF Print E-mail

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი  

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მე-11 შეხვედის ანგარიში.

12.11.2010

 

2010 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის `შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის~ ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მე-11 შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ  გიორგი გვიმრაძე, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანამშრომელი (მოხსენება: ჩრდილოეთი კავკასია, როგორც ფაქტორი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში) და ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი (მოხსენება: შავი ზღვის რეგიონი: მოთამაშეები და ძალთა ურთიერთქმედება).

შეხვედრის პირველმა გამომსვლელმა, გიორგი გვიმრაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოხსენება სახელწოდებით: ჩრდილოეთი კავკასია, როგორც ფაქტორი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. მომხსენებელმა განაცხადა, რომ მოხსენების თემა ვრცლად წარმოდგენილი იქნება ნაშრომში, რომლის გამოცემაც იგეგმება. დასაწყისში გ. გვიმრაძემ ილაპარაკა ჩრდილოეთ კავკასიის დღევანდელი მდგომარეობის, მისი ტერიტორიული დაყოფისა და ამ დაყოფის კრიტერიუმების, ასევე არსებული პრობლემების შესახებ. მომხსენებელმა ამ პრობლემათა შორის ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კავკასიის მთავარ პრობლემას - რუსეთის ცენტრთან დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების უარყოფით შედეგებს.
მომხსენებელმა წარმოადგინა ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობის ასპექტები: ცენტრმა, ზოგი ექსპერტის აზრით, ადგილობრივი ეფექტური მმართველების დანიშვნით შეძლო მიეღო მოჩვენებითი მშვიდობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის სანაცვლოდ - რეგიონის მმართველთა ლოიალობა. თუმცა ჯერ კიედვ მოუგვარებელია რეგიონში სტაბილურობის პრობლემა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია რეგიონული პოლიტიკის პერსონალიზაცია, კვლავ აქტუალურია ტერორიზმის პრობლემაც. მომხსანებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ რეგიონს რუსეთში.

გ.გვიმრაძემ მოხსენებაში ასევე მოკლედ მიმოიხილა რეგიონში არსებული ტენდენციები: ნეგატიური - ძალადობის ზრდა, სლავური ეთნოსის კლება რეგიონში, ისლამის პოლიტიზაცია, მზარდი სოციალური დაძაბულობა და პოზიტიური - გარდატეხა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რიტორიკაში.

გ. გვიმრაძე მოხსენებაში შეეხო ჩრდილოეთ კავკასიის როლს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. გამომსვლელმა მიმოიხილა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მხარეების ისტორიული (მეფის რუსეთის, საბჭოთა, პოსტსაბჭოთა დროის) ურთიერთობების ასპექტები, რუსეთის გავლენა და როლი ამ ურთიერთობებში, ასევე საქართველოს მთავრობის დღევანდელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ასევე ილაპარაკა ჩრდილოეთ კავკასიაზე, როგორც რუსეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის არეალზე, რომ ჩრდ. კავკასიაში დესტაბილიზაციის მთავარმა ფაქტორმა - რადიკალურმა ისლამმა შეიძლება განაპირობოს რუსეთ-საქართველოს (ორივეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე) სამომავლო თანამშრომლობა.

დასკვნის სახით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიას საქართველოც და რუსეთიც ურთიერთობის ყოველ ეტაპზე საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიის შესაბამისად გამოიყენებდა. ეს რეგიონი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არასოდეს ყოფილა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში პოზიტიური თანამშრომლობის არეალი. დღეისათვის კი საქართველოსა და რუსეთს, მათი დაპირისპირების მიუხედავად, გაუჩნდა მნიშვნელოვანი საერთო ინტერესი და ძლიერი ობიექტური მოტივაცია, ითანამშრომლონ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის. საამისოდ საქართველოს აქვს უნიკალური კულტურული რესურსი,  საბჭოურ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის ერებთან კულტურული თანამშრომლობისა და მათი განვითარების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობით მიღებული (მოხსენების ტექსტი იხ. ქვემოთ)

პრეზენტაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და მომხსენებელს კითხვებიც დაუსვეს.
მსმენელებმა ნაშრომის მიმართ გამოხატეს დიდი ინტერესი და მოწონება.  გაიმართა დისკუსია მოხსენებაში წარმოდგენილი პრობლემების და საერთოდ, კავკასია-რუსეთის პრობლემების გარშემო. დამსწრე საზოგადოებამ ასევე იმსჯელა კავკასიელებისათვის საქართველოს საზღვრის გახსნასა და ამასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პრობლემებზე. ასევე ლაპარაკი იყო, თუ როგორ შეიძლება ექსპერტთა საბჭომ იმოქმედოს სამთავრობო დონეზე პოლიტიკის შემუშავებაზე, რა მექანიზმებს უნდა მიმართონ რეკომენდაციების მისაცემად და ა.შ.

შეხვედრის მეორე მომხსენებელმა, ნიკა ჩიტაძემ, წარმოადგინა პრეზენტაცია -  შავი ზღვის რეგიონი: მოთამაშეები და ძალთა ურთიერთქმედება. თავიდან გამომსვლელმა ზოგადად ილაპარაკა შავი ზღვის რეგიონის როლზე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და რუსეთ-საქართველოს ომის გავლენაზე რეგიონში. შემდეგ ნ. ჩიტაძე შეეხო ძირითადი `გეოპოლიტიკური მოთამაშეების~ (ევროკავშირი, აშშ, რუსეთი, თურქეთი) სტრატეგიულ ინტერესებს შავი ზღვის რეგიონში და შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოების (რუმინეთი-ბულგარეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა) საგარეო-პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს.

გამომსვლელი შეეხო საქართველოს როლსა და ადგილს შავი ზღვის რეგიონში და წარმოადგინა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რისი განხორციელებისათვისაც მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის განმტკიცება (მოხსენების ტექსტი იხ. ქვემოთ).

ნ. ჩიტაძის მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსია ძირითადად კითხვა-პასუხის სახით წარიმართა. დისკუსიისას ექსპერტებმა იმსჯელეს მოლდოვაში არსებული ნაციონალური პრობლემების, მათი თვითიდენტიფიკაციისა და იქ არსებული გავლენების შესახებ; ასევე რუსეთ-თურქეთის  ურთიერთობებზე თანამედროვე ეტაპზე.

შეხვედრის დასასრულ კ. გოგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია 17-19 დეკემბერს სტამბოლში დაგეგმილი ქართველი და რუსი ექსპერტების დიალოგის პირველი შეხვედრის შესახებ.


 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online