|
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მე-12 შეხვედის ანგარიში.
29.12.2010
2010 წლის 29 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის `შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის~ ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მე-12 შეხვედრა.
პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ გიორგი ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (მოხსენება: სამშვიდობო ინიციატივები აგვისტოს ომის შემდგომ: მიზნები და რეალობა) და გიორგი თარხან-მოურავი, პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (მოხსენება: თურქეთის საგარეო პოლიტიკის ახალი მიმართულებები და საქართველო).
შეხვედრის პირველმა გამომსვლელმა, გიორგი ვოლსკიმ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოხსენება სახელწოდებით: სამშვიდობო ინიციატივები აგვისტოს ომის შემდგომ: მიზნები და რეალობა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კონცეფციაზე “ჩართულობა აღიარების გარეშე: ახალი სტრატეგია აფხაზეთისა და ევრაზიის არაღიარებული სახელმწიფოების მიმართ” და გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ამ კონცეფციაში მოცემული დებულებების მიმართ. გ. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრიორიტეტები ნათლად არის წარმოდგენილი 2009 წლის 12 მაისის პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ ”2020 წლამდე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში”, სადაც აშკარად ჩანს რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასა და რეგიონში სავარაუდო ”კონკურენციასთან” დაკავშირებით. მომხსანებლის აზრით, აგვისტოს ომი იყო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის რუსული ხედვის აშკარა დემონსტრირება, ხოლო სამხრეთ კავკასიაში (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) სამხედრო კონტინგენტის განლაგება - გამაგრებული ”ზურგი” სტაბილური ჩრდილოეთ კავკასიიდან მოშორებით. გ. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ომის საბაბად მოყვანილი საკუთარ მოქალაქეთა ინტერესების დაცვა არის მხოლოდ თავის მართლება, მაგრამ არა ფაქტორი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ორაზროვანი დამოკიდებულება საპირისპირო შედეგს გამოიღებს და დამატებითი საფუძველი შეიქმნება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული გაძლიერებისათვის. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიული გეგმა არის არა ადამიანთა უფლებების დაცვა, არამედ საკუთარი ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნება.
გ. ვოლსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ”ჩართულობა აღიარების გარეშე” შეიცავს საინტერესო დებულებებს, მასში წარმოდგენილი წინადადებები საყურადღებო და მხედველობაში მისაღებია, ეს მოდელი მაინც ვერ არ არის პრობლემის გადაჭრა. იგი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის დოკუმენტებს - ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით” და ”ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”.
გ. ვოლსკიმ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს მხარეთა შორის კონტაქტების აღდგენა-განვითარებაზე, ჩართული უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, გასათვალისწინებელია მხარეთა ურთიერთობის გამოცდილება და ისტორია. უნდა განვითარდეს სავაჭრო და ჰუმანიტარული რეაბილიტაციის ურთიერთობები. მხედველობაშია მისაღები უსაფრთხოების საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის ფაქტორიც და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებაც. ბოლოს გ. ვოლსკიმ გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ პროცესები შინაარსიანი მოლაპარაკებების მიმართულებით განვითარდება (მოხსენების ტექსტი იხ. ქვემოთ). მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. “ჩართულობა აღიარების გარეშე” სტრატეგიის თაობაზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ სტრატეგია ორაზროვანია, რომ არ არის ნათლად წარმოდგენილი რა მოჰყვება ამგვარ განვითარებას, დაისვა კითხვები პასპორტების მიცემასა და ევროპაში სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლების გამგზავრებასთან დაკავშირებით. გამოითქვა ვარაუდები, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ჩართულობის პრინციპი და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მუშაობა, ვისთან არის საჭირო ”ჩართულობის” მიდგომა, ელიტასთან თუ უბრალო მოსახლეობასთან; დისკუსია ასევე შეეხო ქართული პასპორტების მფლობელებს და მათ მოტივაციას, ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ეს პასპორტები, როგორი უნდა იყოს საქართველოს დამოკიდებულება ამგვარი მოქალაქეების მიმართ და საერთოდ, პასპორტის ტიპისა და მოხმარების სპეციფიკის საკითხები. კ. გოგოლაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დისკუსიის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა შემდგომ შეხვედრაზე მოხსენების სახით წარმოადგინოს გამოთქმული ვარაუდები და იდეები. შეხვედრის მეორე გამომსვლელმა, გიორგი თარხან-მოურავმა, წარმოადგინა მოხსენება - თურქეთის საგარეო პოლიტიკის ახალი მიმართულებები და საქართველო. გამომსვლელმა თავიდანვე აღნიშნა, რომ თურქეთის პოლიტიკა არ განსაზღვრავს ვითარებას საქართველოში. გ. თარხან-მოურავმა ზოგადად მიმოიხილა თურქეთის საგარეო პოლიტიკა 2002 წლის შემდეგ და დამსწრეებს გააცნო თურქეთის საგარეო პოლიტიკის ის სამი მეთოდოლოგიური და ხუთი პრაქტიკული პრინციპი, რომლებსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავუთოღლუ გამოჰყოფს. მომხსენებელმა ილაპარაკა თანამედროვე თურქეთის სამეზობლო პოლიტიკაზე და მის ურთიერთობაზე აშშ-სთან და ევროგაერთიანებასთან. გ. თარხან-მოურავი ასევე შეეხო თურქეთ-რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებს და თურქეთის პოზიციას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის ფონზე. დასასრულს გამომსვლელმა მოკლედ შეაფასა თურქეთის სამომავლო პერსპექტივები და საქართველოს ადგილი და შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით (მოხსენების ტექსტი იხ. ქვემოთ).
მოხსენების შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა დაინტერესება წარმოდგენილი საკითხების მიმართ, დაისვა კითხვები: რამდენად ეხება ეკონომიკას ერდოღანის პროდასავლური რეფორმა, რა როლი შეიძლება ითამაშოს თურქეთმა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რა იქნება თურქეთის პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რამდენად რეალისტურია თურქეთის მცდელობა, რომ რუსეთის გავლენის შესუსტება-დაკარგვით შექმნილი სიცარიელე თავად ამოავსოს, როგორია თურქეთის ინტერესები და გავლენა აჭარაში, ქურთისტანის ფაქტორი თურქეთის მთლიანობაში.
დამსწრე საზოგადოებამ ასევე იმსჯელა ”შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” პროექტის ფარგლებში CMI-ისთვის წარსადგენ სამომავლო ინიციატივებზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უკეთ წარმოჩინდეს, გავრცელდეს და გაშუქდეს არსებული სადისკუსიო პრობლემატიკა. შეხვედრის ბოლოს კ. გოგოლაშვილმა ექსპერტებს გააცნო სტამბოლში 2010 წლის 18 დეკემბერს ჩატარებული ქართულ-რუსული დიალოგის ანგარისში. კ. გოგოლაშვილმა ცალ-ცალკე დაახასიათა რუსეთის მხრიდან დელეგაციის წევრები და შეხვედრაზე წამოჭრილი და განხილული თემები და საკითხები.
|